სიახლეები
სტამბოლში,ხელოვნური ინტელექტის მმართველობის კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს
საჯარო სერვისებში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე იმსჯელეს სტამბოლში გამართულ რეგიონთაშორის კონფერენციაზე - „ხელოვნური ინტელექტის მმართველობა პრაქტიკაში“.
ქვეყნების გამოცდილებისადმი მიძღვნილ პანელზე ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, დიმიტრი გუგუნავამ, წარადგინა მოხსენება - „საქართველო: პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტი საჯარო სერვისებში“. მან ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზე, ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და UNESCO-ს მიერ განხორციელებულ ხელოვნური ინტელექტის მზაობის შეფასებაზე.
საქართველოს გამოცდილების წარდგენისას სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე მიმოიხილა იუსტიციის სახლში დაგეგმილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საკონსულტაციო და თვითმომსახურების ინიციატივები. ყურადღება გამახვილდა პერსონალური მონაცემების დაცვაზე, ხელოვნური ინტელექტის მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობაზე, ასევე მომსახურების პროცესში ადამიანის როლისა და საჭიროებების მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთან ერთად, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.