სიახლეები

09.11.2026

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ინტერნეტკონფერენციის 2026 წლის სამიტში მონაწილეობდა

ჩინეთის ქალაქ ვუჟენში მსოფლიო ინტერნეტკონფერენციის 2026 წლის სამიტი (World Internet Conference Wuzhen Summit) გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები გააერთიანა.
სამიტის მთავარი თემები იყო ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და საერთაშორისო თანამშრომლობა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე, რომელმაც ციფრული განვითარების ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
გამოსვლისას სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ციფრული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.
სანდრო ცირეკიძემ ასევე ისაუბრა ციფრული განათლების, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა და ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში მან მონაწილეებს გააცნო საქართველოს 2025–2030 წლების ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიები.
გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მის პასუხისმგებლიან გამოყენებას. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერთიანი პრინციპების მნიშვნელობას, რათა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ეფუძნებოდეს.