სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტოში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოში შერჩეულ 26 სტაჟიორს შეხვდნენ.
თამარ ზოდელავამ პროფესიული განვითარების საწყის ეტაპზე სტაჟირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდების პასუხისმგებლობა აქვთ, ხოლო ციფრული მმართველობის სააგენტოს განსაკუთრებული როლი აკისრია სერვისების გაციფრულებისა და ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
მინისტრის მოადგილის თქმით, სტაჟირება ახალგაზრდებს საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობის, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნა, რომ საჯარო უწყებაში მუშაობა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რადგან ეს ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურს ნიშნავს.
სააგენტოს თავმჯდომარემ სტაჟიორებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სააგენტოს მნიშვნელოვანი მიზნები და მაღალი სტანდარტები აქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იგი სენსიტიურ მონაცემებთან მუშაობს. სანდრო ცირეკიძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სააგენტოს საქმიანობაში, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება და გუნდის სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბდნენ.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა. სტაჟიორებმა საკუთარი ხედვები, მოლოდინები და ინტერესები წარმოადგინეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გუგა სოფრომაძე და სააგენტოს დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები.
იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში სულ 189 სტაჟიორი შეირჩა.