სიახლეები

25.11.2026

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია რეგიონებში გრძელდება

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ზუგდიდში, ფოთსა და ხელვაჩაურში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
ტრენინგების ფარგლებში ახალგაზრდები ინტერნეტში უსაფრთხო ქცევის წესებს, პერსონალური მონაცემების დაცვის გზებსა და ონლაინსივრცეში არსებულ საფრთხეებს გაეცნენ. იმსჯელეს საეჭვო ონლაინაქტივობების ამოცნობასა და მათზე სათანადო რეაგირების წესებზე.
საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო სერვისების ერთიან პორტალს - my.gov.ge. მონაწილეები გაეცნენ პორტალზე არსებული ელექტრონული სერვისების მრავალფეროვნებასა და მათი დისტანციურად, მარტივად და სწრაფად მიღების გზებს. განიხილეს ონლაინ ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების მნიშვნელობა და მათი გამოყენების შესაძლებლობები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებში ციფრული ცნობიერების ამაღლება, ონლაინსივრცეში უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისება, ასევე სახელმწიფო ელექტრონული სერვისების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და მათი გამოყენების პოპულარიზაცია.
პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. შეხვედრები სამიზნე ჯგუფებთან თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად გაგრძელდება.