სიახლეები

27.11.2026

სანდრო ცირეკიძემ ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმზე ციფრული მმართველობის განვითარების საკითხებზე ისაუბრა

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ ერევანში გამართულ სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმზე საჯარო მმართველობის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა.

სანდრო ცირეკიძის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიები ხელს უწყობს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, პროცედურების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობის გაძლიერებას. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ინკლუზიის მნიშვნელობაზე, რათა სერვისებით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის იყოს შესაძლებელი.

სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა მონაცემთა სტანდარტიზაციის, სისტემებს შორის თავსებადობისა და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით მან ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შექმნილი და მართული მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (G3) როლზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ელექტრონული სერვისების ინტეგრაციასა და სახლმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას უზრუნველყოფს.

თავმჯდომარემ ციფრული მმართველობის განვითარების სამომავლო პრიორიტეტებს შორის დაასახელა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის ევროპულ რეგულაციასთან დაახლოება (eIDAS 2.0), რაც ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო მომსახურებების, მათ შორის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის, განვითარებასა და ურთიერთაღიარებას უკავშირდება. მან ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაზე.

სანდრო ცირეკიძის განცხადებით, ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვას არ გულისხმობს. ის უნდა ეფუძნებოდეს ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მონაცემთა დაცვას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურასა და მყარ სამართლებრივ საფუძვლებს.

ერევანი მე-7 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის უმთავრეს პლატფორმას წარმოადგენს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს.