სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტო ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების სერტიფიცირების პროგრამას აგრძელებს.
სერტიფიცირების პროცესი მოიცავს ხუთდღიან სასწავლო კურსსა და შემაჯამებელ გამოცდას. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვისა და ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხები, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკულ მიდგომები.
სააგენტო, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, წარმოადგენს მასერტიფიცირებელ და ამავდროულად, ზედამხედველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების სერტიფიცირების პროცესს. სერტიფიცირების მიზანია, შეფასდეს სპეციალისტების ცოდნა და კომპეტენციები ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მიმართულებით და დადასტურდეს მათი შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა შემაჯამებელი ტესტირება გაიარეს. წარმატებულ მონაწილეებს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სერტიფიკატები გადაეცათ.
სასწავლო კურსს ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მენეჯერი ანა მეტრეველი უძღვებოდა.