სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუდენტებთან ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე ისაუბრა
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ახალგაზრდებს სააგენტოს საქმიანობა, ინოვაციები და სამომავლო შესაძლებლობები გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების განვითარების პროცესი და საჯარო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სააგენტოს საქმიანობის როლი და მნიშვნელობა. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში. საუბარი შეეხო მის შესაძლებლობებს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდების, საჭირო სერვისების მოძიებისა და მომსახურების პროცესის გამარტივების მიმართულებით.
სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე ციფრული პროექტების შესახებ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი - my.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონულად მიიღოს 400-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი. სტუდენტები ასევე გაეცნენ მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემას (G3), რომელიც სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემთა უსაფრთხო და ეფექტიან გაცვლას უზრუნველყოფს და სახელმწიფო ციფრული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და საიმედოობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს პროფესიული გამოცდილების მიღების, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისა და საჯარო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. სტუდენტების ინტერესი გამოიწვია სააგენტოში სტაჟირების პროგრამამ და დასაქმების შესაძლებლობებმა.