სიახლეები
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ციფრული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ და სს „ნიტექ“-ის სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, შინგის ორაზალიმოვმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ციფრული სახელმწიფო სერვისებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებას, ასევე ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია სახელმწიფო სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული სერვისების განვითარება და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ეფექტიანი ციფრული ურთიერთქმედების გაძლიერება.
სანდრო ცირეკიძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო GovTech 3.0-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ციფრულ ტრანსფორმაციას, თანამედროვე მთავრობის ტექნოლიგიურ მიდგომებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებს დაეთმო.
დისკუსიაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების პირველი ვიცე-მინისტრი; სს „ნიტექ“-ის სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ევრაზიის განვითარების ბანკის ციფრული ინიციატივების დირექტორატის მმართველი დირექტორი;
პანელური დისკუსიის ფარგლებში სანდრო ცირეკიძემ ისაუბრა საქართველოში სახელმწიფო სერვისების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და GovTech-ის განვითარების პროცესში საქართველოს გამოცდილებაზე.
AI & Digital Bridge 2026 ასტანაში გაიმართა და საჯარო სექტორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა.