სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა ევროკავშირის საინფორმაციო ტექნოლოგიების სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საკითხები განიხილა
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა, დიმიტრი გუგუნავამ, მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო-სასწავლო ღონისძიებაში - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სტანდარტები და სტანდარტიზაცია ევროკავშირში; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა“.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ სესიაზე დიმიტრი გუგუნავამ ისაუბრა ციფრული მმართველობის განვითარებაში სტანდარტების მნიშვნელობაზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პრიორიტეტებზე. მან მონაწილეებს ასევე გააცნო ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობა და ის პროექტები, რომლებიც უკავშირდება ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის განვითარებას, ელექტრონული არქივის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და eIDAS რეგულაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებს.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ინფორმირება ევროკავშირის ICT სტანდარტებისა და სამართლებრივი მოთხოვნების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საკითხებზე, ასევე ეროვნული პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობა.
ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო სერვისების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოში ციფრული მმართველობის სისტემის განვითარებასა და ევროპულ პრაქტიკასთან მის დაახლოებას.