სიახლეები

03.06.2026

ციფრული მმართველობის წარმომადგენელმა EuroDIG-ზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე ისაუბრა

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა ბრიუსელში, საერთაშორისო ფორუმზე „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ (EuroDIG), საჯარო სერვისებში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე ისაუბრა.
მოხსენების მთავარი გზავნილი იყო, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების შეფასება ეფექტიანობისა და რესურსების ოპტიმიზაციასთან ერთად ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ჭრილში პასუხობდეს კანონიერების, სამართლიანობის, ინკლუზიურობის, ხელმისაწვდომობისა და ადამიანის ღირსების დაცვის სტანდარტებს.
სააგენტოს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა პრინციპზე, რომ საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას უნდა დაედოს საფუძვლად - ნდობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული კონტროლი.
გამოსვლისას ყურადღება დაეთმო „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ“ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას, ევროპის საბჭოს თანამედროვე ტექნოლოგიების სამეთვალყურეო კომიტეტის (CDNET) საქმიანობასა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან დაკავშირებული რისკებისა და ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტს — HUDERIA-ს.
ღონისძიებაში ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის უფროსი დიმიტრი გუგუნავა მონაწილეობდა, რომელიც, ამავდროულად, ევროპის საბჭოს თანამედროვე ტექნოლოგიების სამეთვალყურეო კომიტეტის (CDNET) წევრია.
ციფრული მმართველობის სააგენტო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პლატფორმებსა და პროფესიულ დისკუსიებში, სადაც განიხილება ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მმართველობისა და სანდო ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები.
EuroDIG-ში მონაწილეობა სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობის გაძლიერებისა და საქართველოს ჩართულობის წარმოსაჩენად იმ პროცესებში, რომლებიც ციფრული მომავლის ფორმირებას განსაზღვრავს.