სიახლეები

17.12.2025

ყაზახეთის სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს პროდუქტებსა და სერვისებს ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდას ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ.

მხარეებმა მიმოიხილეს ყაზახეთისა და საქართველოს ციფრული სამართალწარმოების სექტორი. კერძოდ კი, სისხლის სამართლის საქმეების მიმართულებით მოქმედი ციფრული მექანიზმები.

სტუმრების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სააგენტოს მიერ შექმნილმა სისხლის სამართლის საქმისწარმოების მართვის ელექტრონულმა სისტემამ, რომელიც გამომძიებლებსა და პროკურორებს საშუალებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ელექტრონულად განახორციელონ. პროგრამა ხელს უწყობს საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიან უზრუნველყოფას.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ყაზახეთის სახელმწიფო გრანტით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის სისტემის ორი მაგალითი, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საჯარო მმართველობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების ანალიზი. სისტემა ხელს უწყობს სამართალწარმოების პროცესის ეფექტიანობას მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და ადვოკატების დროითი რესურსის დაზოგვითა და ადამიანური შეცდომების შემცირების გზით.

მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინტერესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.